სამი ასტრონავტი — ამერიკელები ჯესიკა უოტკინსი და ლუკ დილეინი, კანადელი ჯოშუა კუტრიკი, ასევე რუსი კოსმონავტი სერგეი ტეტერიატნიკოვი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon ჩავიდნენ. ვიდეო, რომელზედაც ასახულია კაფსულის სადგურთან შეერთება, SpaceX-ის X-ის მიკრობლოგში გამოქვეყნდა.
სააგენტო dpa-ის ცნობით, ფრენამ სადგურამდე რეკორდული 7 საათი და 55 წუთი გასტანა. "ეს არის ყველაზე მოკლე დრო სტარტიდან კოსმოსური ხომალდის სკს-თან შეერთებამდე სადგურის ისტორიაში", — ციტირებს სააგენტო აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) განცხადებას.
სკს-ის ახალი ეკიპაჟით რაკეტის სტარტი 1 ოქტომბრის დილას (ადგილობრივი დროით) ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოსური ბაზიდან შედგა. ეს არის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რიგით მე-13 მისია სკს-ზე ეკიპაჟის გასაყვანად. მატარებელი რაკეტის Falcon 9 მრავალჯერადი გამოყენების ქვედა საფეხური გაშვებიდან სამ წუთში გამოეყო და დედამიწას დაუბრუნდა.
როგორც dpa აღნიშნავს, მანამდე ამერიკულ კოსმოსურ ხომალდებს ბევრად მეტი დრო სჭირდებოდათ სკს-მდე მისაღწევად. მაგალითად, 2025 წლის აგვისტოში ხომალდმა Crew Dragon-მა ამ ფრენას 14 საათი და 44 წუთი მოანდომა.




