სამხრეთ კორეა "შემდგომ ზომებს" მიიღებს, თუ უკრაინა უარს იტყვის საჯაროდ აღიაროს კონფიდენციალურობის შეთანხმების არსებობა, რომელიც სამხრეთ კორეისთვის ორი ტყვე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის გადაცემას ეხებოდა, და ბოდიშს არ მოიხდის — განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა. თუ რა იქნება ეს "ზომები", ლის არ დაუკონკრეტებია.
"თუ ფაქტების აღიარება და საჯარო ბოდიში კვლავ უარყოფილი იქნება, ჩვენ მივიღებთ შემდგომ ზომებს. ეს კორეელი ხალხისა და სახელმწიფოს ღირსების საკითხია", — დაწერა სამხრეთ კორეის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ში და ამავდროულად, კიევი დაადანაშაულა, რომ ის სეულს "მატყუარად" წარმოაჩენს.
"უკრაინა დაინტერესებულია სამხრეთ კორეასთან წარმოქმნილი დიპლომატიური დავის სწრაფად მოგვარებითა და სეულთან შემდგომი თანამშრომლობით", — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტ ლი ჯე-მიონის პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე. "არ მინდა, ამას ინციდენტი ვუწოდო. ეს დიპლომატიური გაუგებრობაა", — ციტირებს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელს სააგენტო РБК-Україна.
სიბიგას თქმით, ბოლო დღეებში ის ყოველდღიურად პირადად ეკონტაქტება სამხრეთკორეელ კოლეგას. "ძალიან მინდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს სიტუაცია მოგვარდეს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის სამხრეთ კორეა მნიშვნელოვანი ქვეყანაა", — ხაზგასმით აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.
სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ კიევმა სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვე გადასცა. ამის შემდეგ სეულმა მკვეთრად გააკრიტიკა კიევი. "ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კნდრ-ში მყოფ ტყვეების ნათესავებს, ასევე უარყოფითად იმოქმედოს სეულისა და ფხენიანის ურთიერთობებზე", — განაცხადა მანამდე პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკ იუნ ჯუმ დასძინა, რომ კიევის მიერ შეთანხმების უარყოფა არყევს ორმხრივ ნდობას და უკრაინისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ კიევსა და სეულს შორის არ ყოფილა შეთანხმება იმის შესახებ, რომ სამხედრო ტყვეების ბედზე ინფორმაცია არ ექვემდებარებოდა გამჟღავნებას. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მტკიცებულებების გამო "ღრმა წუხილი" გამოთქვა.
28 სექტემბერს სამხრეთკორეულმა სააგენტო Yonhap-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გამო. სააგენტო AFP კი სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატ იუნ კუნ ენზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ორივე სამხედრო ტყვე ქვეყანაში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავიდა. დაკითხვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემოწმების შემდეგ, სეულის ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას მათთვის დაცვის მინიჭებისა და განსახლების პროცესის დაწყების შესახებ.




