რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევის, 2 ოქტომბრის ღამეს, კიდევ ერთხელ მიაყენეს დარტყმა კიევში მდებარე "სამხრეთის ხიდს". პუბლიკაციის მომენტისთვის, უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, "სამხრეთის ხიდზე" სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად ჩაიკეტა. ასევე შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე პატონის ხიდის გავლით. მეტროხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

თავის მხრივ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ კიევის დარნიცის რაიონში 25-სართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო, სულ მცირე, ორმა მიიღო დაზიანებები.

"მაშველებმა შენობიდან ორი დაშავებული გამოიყვანეს და მედიკოსებს გადასცეს. ხანძრის ლიკვიდაციის დროს აღმოჩენილ იქნა დაღუპულის ცხედარი. ასევე ევაკუირებულია კიდევ 6 ადამიანი", - აღწერენ ტრაგედიის დეტალებს უკრაინის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები.

მანამდე, ღამის განმავლობაში, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰოლოშეევსკის რაიონში ნამსხვრევები ღია ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შედეგად დაზიანდა ფანჯრები არასაცხოვრებელ შენობაში და რამდენიმე ავტომობილი, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.