The New York Times-ის (NYT) ინფორმაციით, კიევმა ხელში ჩაიგდო რუსეთის ხელისუფლების გეგმები, რომლებიც მომავალ ზამთარს უკრაინის მსხვილი ქალაქებისთვის ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების გათიშვას ითვალისწინებს.
მომდევნო თვეებში რუსეთის ფედერაცია გეგმავს უკრაინის ენერგოსისტემის დანგრევას სისტემატური შეტევების მეშვეობით — 1000-მდე რაკეტის, უპილოტო საფრენი აპარატისა და ბომბის გამოყენებით. ამით მას სურს მწყობრიდან გამოიყვანოს ობიექტების ფართო სპექტრი, მათ შორის, ელექტროქვესადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და საქვაბეები, - წერს გამოცემა.
NYT ეყრდნობა მის განკარგულებაში არსებულ დოკუმენტის ასლს, რომელიც ორი კვირის წინ პარიზში, კიევის პარტნიორებს წარუდგინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა, ასევე ორ წყაროს, რომელიც იცნობს ამ პრეზენტაციას. შმიგალმა აგვისტოთი დათარიღებულ ამ დოკუმენტს უწოდა რუსული გეგმა, რომელიც მეთოდური შეტევების გზით უკრაინის ენერგოსისტემის განადგურებას ისახავს მიზნად. მათი საბოლოო მიზანია კიევს, ხარკოვსა და ოდესას ელექტროენერგიისა და სითბოს 90%-მდე წაართვან, ასევე სერიოზულად შეაფერხონ საკანალიზაციო სისტემის მუშაობა.
გამოცემის ცნობით, ხელში ჩაგდებულ დოკუმენტში აღწერილია რუსული შეტევების სამი ეტაპი. პირველ ეტაპზე იგეგმება უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან მდებარე იმ ქვესადგურების მწყობრიდან გამოყვანა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანას ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტი დააქვს. მეორე ეტაპზე იგეგმება ჰიდროელექტროსადგურების გამორთვა, ხოლო შემდეგ — უკრაინის სამივე მოქმედი ატომური ელექტროსადგურის გაჩერება, რომლებიც მისი ენერგეტიკის საფუძველს წარმოადგენს.
გეგმის ბოლო ნაწილს NYT ყველაზე საგანგაშოს უწოდებს, რადგან ის მოიცავს სარაკეტო დარტყმებს იმ ქვესადგურებზე, რომლებითაც სადგურები ელექტროქსელს უკავშირდებიან და რომლებიც რეაქტორებიდან 1,5 კმ-ზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული.




