დროა, რუსეთმა უარი თქვას ევროკავშირში მეზობლების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, - აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

მედვედევის თქმით, ბრიუსელი, ნატოში არსებული წინააღმდეგობების ფონზე, სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში სრულფასოვანი სამხედრო კომპონენტის შექმნას, ეს კი ცვლის სამყაროს სურათს. 

ევროკავშირი აღარ არის ეკონომიკური კავშირი და შეიძლება ძალიან სწრაფად გადაიქცეს სრულფასოვან და რუსეთის მიმართ უკიდურესად მტრულ სამხედრო ალიანსად.

„რას ვგულისხმობ? დროა, უარი ვთქვათ მეზობლების სამხედრო-ეკონომიკურ ევროკავშირში გაწევრიანებისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე. ქვეყანა 404-ის (მეზობელი ქვეყნების დამცირების მიზნით, ცინიზმით და ქედმაღლობით ცნობილი მედვედევი  იყენებს ინტერნეტმომხმარებლებისთვის კარგად ცნობილ შეტყობნებას: „შეცდომა: 404 მოთხოვნილი გვერდი არ მოიძებნა“ - „აიპრესი“) ჩათვლით  - განაცხადა მედვედევმა

ამ კონტექსტში, მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან ბოლო მოლაპარაკებების დროს.

 „ჩვენმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ეს აკურატული ფორმით გააკეთა, მიანიშნა რა გარკვეულ ამხანაგ ვოვაევიჩს (ვოვა ნიკოლ პაშინიანის მამის სახელია - „აიპრესი“), რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობა და ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია“, - თქვა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.