დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შეზღუდვისკენ, პროკრემლისტურ დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და იმ პირთა დასჯისკენ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის მოქალაქეების წამებასა და ბავშვების დეპორტაციაში. შეზღუდვები ასევე ეხება გემებს, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით იყენებს.
ბრიტანეთის მთავრობის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტში შევიდა 23 ფიზიკური პირი და ორგანიზაცია, ასევე რვა გემი. რვა ადამიანი სიას დაემატა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების, წამებისა და სასტიკი მოპყრობის გამო.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, კიდევ შვიდი პირი დაკავშირებულია უკრაინელი ბავშვების იდეოლოგიურ დამუშავებასა და მილიტარიზაციასთან, მათ შორის იმათთან, ვინც რუსეთის ხელისუფლების მიერ იყო დეპორტირებული. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ დაახლოებით 6000 უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს "აღზრდის ბანაკების" ქსელში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მილიონობით უკრაინელი ბავშვი ასევე განიცდის რუსული პროპაგანდის ზეგავლენას, ნათქვამია პრესრელიზში. კერძოდ, ბავშვებს ასწავლიან იარაღის გამოყენებასა და დრონების მართვას. ეს პროგრამები მიმართულია ბავშვებისთვის უკრაინული იდენტობის წართმევასა და მათ რუსული სახელმწიფოს სამსახურისთვის მომზადებაზე, - აღნიშნა ლონდონმა.




