ბრაზილიაში იდუმალი ორმაგი მკვლელობა მოხდა. 73 წლის ფრანგი ქალი, პენსიაზე გასული ექიმი, მისმა პარტნიორმა მოკლა.
მისი ცხედარი დაწვეს და ქუჩის შუაგულში, ჩემოდანში მიატოვეს, - განუცხადა AFP-ს გამოძიების ხელმძღვანელმა კომისარმა.
გამომძიებლების წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა კვირას, 8 მარტს, ბრაზილიის შტატ პარაიბას დედაქალაქ ჟუაო პესოაში, ქალის ბინაში მოხდა, რომელიც ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
კომისარმა ტიაგო კავალკანტიმ განაცხადა, რომ "ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა დანაშაული განზრახ დაგეგმილი". სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ცნობით, სიკვდილი გამოწვეული იყო "გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, რომლებიც, სავარაუდოდ, დანით თავდასხმის შედეგად იყო გამოწვეული".
მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, მისმა თანამგზავრმა, 59 წლის მამაკაცმა, ქალის ცხედარი დიდ ჩემოდანში მოათავსა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ ტოვებდა ის შენობას ჩემოდნით ხელში. შემდეგ მან უსახლკარო მამაკაცს ფული გადაუხადა და სთხოვა, ქუჩის შუაგულში ჩემოდანი დაეწვა, - იტყობინება კომისარი.
12 მარტს, როდესაც პოლიციამ ფრანგი ქალის თანმხლები პირის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა, ის გარდაცვლილი იპოვეს.
გამომძიებლების მიერ წამოყენებული ერთ-ერთი ჰიპოთეზაა, რომ ის ტერიტორიაზე მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. პოლიციის კომისარმა განმარტა, რომ ფრანგი ქალი, სავარაუდოდ, პოლიციას დაუკავშირდა და "ბანდის დაშლა" მოითხოვა.
ფრანგმა დიპლომატებმა, პოლიციის მოთხოვნით, პარიზს მსხვერპლის ნათესავების ადგილსამყოფელის დადგენასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს.




