ბრაზილიის ექსპრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს შვილი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს. მას მხარდაჭერას უცხადებენ არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

¤"ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი პარტიული ყრილობა. ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძნელი ბრძოლების დასაწყისია, სიკეთეს და ბოროტებას შორის ბრძოლაა", - განაცხადა ფლავიო ბოლსონარუმ თავისი მამის ლიბერალური პარტიის ყრილობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფლავიო ბოლსონარუ - სენატორი რიო-დე-ჟანეიროდან - ჩამორჩება პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას. მართალია ყრილობაზე გაჟღერდა, რომ ბოლსონარუს ხავიერ მილეი და ბენიამინ ნეთანიაჰუ უჭერენ მხარს, მაგრამ დამსწრეთა შორის ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსები ნაკლებად იყვნენ.

ბრაზილიაში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მკვეთრად გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და მხარი დაუჭირა ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც 27-წლიან სასჯელს იხდის, და მის ოჯახს. მილეიმ განაცხადა, რომ მემარჯვენეები კვლავ გააგრძელებენ სოციალიზმის შესახებ სიცრუეების წინააღმდეგ ბრძოლას.

კონფერენციაზე მილეის ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერთან ერთად ყრილობაზე დამსწრეებმა მოისმინეს ნეთანიაჰუს ვიდეომიმართვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფლავიო ბოლსონარუ მისი მეგობარია და ისრაელს და ბრაზილიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის იბრძვის.