იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ვანდალიზმისა და ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის ძალადობაში მონაწილე არასრულწლოვანთა წინააღმდეგ.
„დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას სამართალდამცველების, მოვაჭრეებისა და ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის მიერ ჩადენილი ვანდალიზმისა და კრიმინალური თავდასხმების ტალღის მსხვერპლნი არიან. დღეს მილანში ბევრი მაღაზია კვლავ დაკეტილი დარჩა. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ამ თავდასხმებს მთავრობა მკაცრად უპასუხებს, მათ შორის ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ არასრულწლოვანთა შეჩერებას შესაძლებელს გახდის“, – წერს ტაიანი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მთავრობა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საჭირო რესურსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და შენობები დააზიანეს. იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მილანში მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა 271 ახალგაზრდა დააკავეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ძალადობა დაგმო. დღეს მელონიმ მინისტრებსა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი არასრულწლოვანთა პრევენციული დაკავების ვადის გახანგრძლივებასა და ახალგაზრდული დაჯგუფებების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას განიხილავს.




