დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართავს.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ყვითელი ბარათები გამო, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს დღეს ვერ დაეხმარება.
„ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ. სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ.
ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იგივე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ.
იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ.შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 18 მარტიდან დაიწყო
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)