საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. 

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე." - ნათქვამია ფედერაციის გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 23 მაისით არის დათარიღებული. ირკვევა რომ პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.  

53 კაციანი სიიდან,  პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს. 

პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა. 

პრეზიდენტის 2 განკარგულება - ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების კიდევ 6 წარმომადგენელი დაჯილდოვდა