სტამბოლში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლო ექვი ლიცენზიის მფლობელის ვინაობა გაირკვა.

დღეს, საკვალიფიკაციო ტურნირზე მესამე ადგილის დაკავების და პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად იური ლომაძე და ლაშა გობაძე იბრძოდნენ.

იური ლომაძემ ამერიკელ ქამალ ამირ ბეისთან 4:5 წააგო და საგზურისთვის გადამწვეტ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება დაკარგა, ლაშა გობაძემ კი პირველი შეხვედრა შვედ ალექს კესიდისთან 3:3 დაასრულა და ბოლო ილეთის წესით გაიმარჯვა, გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელ არკადიუშ კულინიჩთან კი 2:3 დამარცხდა.

ამრიგად, ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე  66 და 97 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ექვსივე წონით კატეგორიაში მხოლოდ ეგვიპტელი და ირანელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ მედლებისთვის.

საკვალიფიკაციო ტურნირების დასრულების შემდეგ 96 ლიცენზია ქვეყნებზე ასე გადანაწილდა:

ეგვიპტე და ირანი - ექვს-ექვსი ლიცენზია;

აზერბაიჯანი, ალჟირი, კუბა, რუსეთი - ხუთ-ხუთი ლიცენზია:

თურქეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი - ოთხ-ოთხი ლიცენზია;

აშშ, ბელარუსი, იაპონია, სერბეთი, სომხეთი, უზბეკეთი და ჩინეთი - სამ-სამი ლიცენზია;
 
ბულგარეთი, კოლუმბია, კორეა, მოლდოვა, საქართველო, ტუნისი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ჩილე - ორ-ორი ლიცენზია;
 
გერმანია, ეკვადორი, ვენესუელა, ლიეტუვა, მაროკო, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ კორეა და ჰონდურასი - თითო-თითო ლიცენზია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავეები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წლიდან ასპარეზობენ. იმ დროს მოჭიდავეები ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების გაუვლელად, ათ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ, მედლებისთვის და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ოლიმპიელი ჰყავდა.

2000 წლიდან მოჭიდავეები (ფედერაციები) ოლიმპიურ ლიცენზიებს საკვალიფიკაციო ტურნირებში მოიპოვებდნენ და 2000 წელს მედლები რვა, ხოლო 2004-2008-2012 წლებში შვიდ წონით კატეგორიაში თამაშდებოდა. საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე 2000 წელს შვიდი, 2004  წელს ექვსი, 2008 წელს ხუთი, 2012 წელს კი კვლავ ექვსი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავით წარდგა.  

2016 წლიდან ოლიმპიური მედლები ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება და საქართველო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ოთხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოლიმპიელი ჰყავდა