2024 წლის 9-10 მარტს იტალიის ქალაქ ლეკოში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ (Black Belt Cup 2024), რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა წარმატებით იასპარეზა. იტალიაში შეჯიბრის ორგანიზატორი იყო მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაცია (W.U.K.F.). ამ პრესტიჟულ ტურნირზე, სადაც 20-მდე ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, ქართველმა კარატისტებმა საერთო ჯამში 7 მედალი მოიპოვეს: 1 ოქროს, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი.
წარმატებით იასპარეზა 11 წლის ანდრია საათაშვილმა, ევროპის ორგზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა, ამჯერად, მან იტალიაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე 11 წლის ბიჭებს შორის კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში I ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამ შედეგის გარდა მანვე 2 ბრინჯაოს მედალი აიღო ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალურ კატაში 11 წლის ბიჭებს შორის.
უფროსებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო ჭაბუკა მახარაძემ, - მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, შავი ქამრის V დანის მფლობელმა სპორტსმენმა. საერთაშორისო ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა 9 წლის ელენე ბობოხიძემ, რომელმაც 8-9 წლის გოგონებს შორის ინდივიდუალური კუმიტესა და კატას დისციპლინებში დამაჯერებლად იასპარეზა და ერთბაშად 3 ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ჭაბუკა მახარაძე, იტალიაში საერთაშორისო ტურნირის „Black Belt Cup 2024“ ვერცხლის პრიზიორი სპორტსმენი:
- „შავი ქამრის თასი“ (Black Belt Cup 2024) ეს არის შოტოკან კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც წელს იტალიაში მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ ლეკოში (Lecco) გაიმართა. ამ ტურნირზე მე უკვე მესამედ კვლავ წარმატებით მივიღე მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ წელსაც ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ორი დღე დიდ სპორტულ კომპლექსში ერთდროულად 6 ტატამზე მიდიოდა ასპარეზობები. ამ ჩემპიონატზე უფროსებს შორის კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში გამოსვლისას 3 წრე გავიარე: პირველ ორთაბრძოლაში 3:0 დავამარცხე სამუელ რამანესი (რუმინეთი), მეორე წრეში მოვუგე 5:1 ლუკა მარკონის (იტალია), მესამე წრეში 4:5 დავმარცხდი იტალიელ სპორტსმენთან პაულო სიმიონესთან, არადა ბრძოლა თანაბარი ძალებითა და უპირატესობით წარიმართა და სულ ცოტა დამაკლდა პირველი ადგილისთვის, - ტატამზე ასე ვთქვათ, დრო არ მეყო და ასე დავჯერდი ვერცხლის მედალს. აღსანიშნავია, რომ ასეთ საერთაშორისო ჩემპიონატებზე ყველა სპორტსმენი მაღალი პროფესიონალიზმით არის გარმორჩეული, მაღალ დონეზე არიან ხოლმე მოზადებულები, კონკურენციაც დიდია და მეც სულ ვცდილობ რომ ჩვენი ქვეყნის სახელი ღირსეულად გავიტანო.
იტალიაში წარმატებით იასპარეზა ჩემმა მოსწავლემ 11 წლის ანდრია საათაშვილმა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინსტრუქტორობით 4 წელია რაც კარატეში ვარჯიშობს, საერთაშორისო ტურნირებზე უკვე სერიოზული წარმატებები აქვს და ამჯერადაც ნაყოფიერად იასპარეზა. მან I ადგილი და ოქროს მედალი 10-11 წლის ბიჭებს შორის კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში დაისაკუთრა. გაიარა 5 წრე და 4 ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო: პირველ წრეში სამუელ გვუიდონეს (იტალია) 3:1 მოუგო, მეორე წრეში - სტეფანე მარტინესს (იტალიელ) 4:2, მესამე წრეში ჰუგო ლორენცოს (იტალია) 4:2, მეოთხე წრეში კი ფედერიკო ჯოვანის ანგარიშით 4:0. ამის გარდა მანვე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალურ კატაში 11 წლის ბიჭებს შორის. შეჯიბრებაში ინდივიდალური კატას დისციპლინაში 25 მონაწილე გამოდიოდა, მაგრამ ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში ანდრიამ შეძლო III ადგილზე გასვლა და ბრინჯაოს მედლის აღება, - I ადგილზე მარეკ მარტინესი (იტალია), II ადგილზე კი სტეფანე ლივორინი (იტალია) გავიდნენ.
საერთაშორისო ტურნირის დებიუტანტი იყო 9 წლის ელენე ბობოხიძე და მიხარია, რომ მისი საერთაშირისო გასვა ასე წარმატებული აღმოჩნდა. მან 8-9 წლის გოგონებს შორის ინდივიდუალური კუმიტესა და კატას დისციპლინებში იასპარეზა და ერთბაშად სამ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ტატამზე ელენეს ინდივიდუალური კუმიტეში სამი ორთაბრძოლა მოუწია, აქედან პირველ წრეში ლუდმილა მარკონი (იტალია) დაამარცხა ანგარიშით 3:0, ასევე მარეკ სტეფანის (იტალია) 4:2 მოუგო, აი მესამე წრეში კი ბარბარე ჯოვანისისთან (იტალია) 3:2 დამარცხდა. კატაში მის ასაკობრივ კატეგორიაში 18 მონაწილე იყო. I ადგილზე ბარბარა ილასკი (იტალია) გავიდა, II ადგილზე ვერცხლის მედალი ელენემ მოიპოვა, III ადგილზე კი ლივჯულ ანდერსკი (სლოვენია) აღმოჩნდა. ელენე ბობოხიძე 2 წელია კარატეში ვარჯიშობს ქუთაისში, მისი მწვრთნელია ვაჟა უნგიაძე, უფროსი ინსტრუქტორი, შავი ქამრისა და VI დანის (Dan) ()მფლობელი.
საერთო ჯამში, იტალიაში ამ დიდ საერთაშორისო ტურნირზე ბავშვებს ძალიან გაუხარდათ საპრიზო ადგილებზე მაღალი სინჯის მედლების აღება. იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ, რადგან ეს გამარჯვებები ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტიმული, მეტი მოტივაცია, რომ მომავალში კვლავ ღირსეულად ვიასპარეზოთ და საქართველო ვასახელოთ. ამ ტურნირზე როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს გადმომეცა სპეციალური პრიზი შეჯიბრის საორგანიზაციო ჯგუფისგან, სპორტული კარატეს კავშირისა (Unione Karate Sportivo) და იტალიაში WUKF-ის ოფიციალური წარმომადგენლის გვიდო როსინის/Guido Rossini მიერ. 2009 წლიდან მე ვარ World Union of Karate-Do Federations (WUKF) -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, შესაბამისად, ამ ფედერაციის ორგანიზებულ საკონტინენტთაშორისო შეკრებებზე, სემინარებზე, საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე მუდმივად ვმონაწილეობ, აღებული მაქვს ყველა სინჯის მედალი: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.




