სინგაპურში დასრულდა მსოფლიო სერიის წლის მეორე ტურნირი.

ქართველმა პლაჟის მოჭიდავეებმა სინგაპურის მსოფლიო სერიის ტურნირზე 4 წონითი კატეგორიიდან სამში ოქროს მედალი მოიპოვეს, ერთში კი ბრინჯაოს მედალს  დასჯერდნენ. 

80 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ უკრაინელ ვასილ მიხაილოვს 2:1 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ წონაში დათო ფირუზაშვილმა  თურქი მახმუტ სეიფი ოზკაია 1*:1 დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონაში დავით ხუციშვილმა მეოთხედფინალში სენეგალელ სინი სემბენთან 0:3 წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მესამე ოქროს მედალი საქართველომ +90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, სადაც მამუკა კორძაიამ, სამი შეხვედრის მშრალად მოგების შემდეგ ნახევარფინალში სენეგალელი მოდი ფეი მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ რიჩარდ ვეგს შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე გაუთანაბრა ანგარიში და ბოლოს აღებული ქულის წესით მოიპოვა გამარჯვება.

 


70კგ წონაში ლევან ქელეხსაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა იაპონელ იოშიკი იამადას  3:0 მოუგო.

გუნდურ ჩათვლაში 90 ქულით ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა,. მეორე ადგილზე 61 ქულით უკრაინა გავიდა, მესამე კი 42 ქულით (2 ბრინჯაო და 1 მეოთხე ადგილი) სენეგალი იყო.

სინგაპურის მსოფლიო სერიის ტურნირზე 28 ქვეყნის  პლაჟზე მოჭიდავე ქალები და კაცები ეცილებოდნენ ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სერიის პირველი ტურნირზე, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა, ოქროს მედლები ნიკა კენჭაძემ, დათო ფირუზაშვილმა და მამუკა კორძაიამ მოიპოვეს, ვერცხლის მედალი ლევან ქელეხსაშვილმა აიღო, ბრინჯაოსმედალოსანი კი დავით ხუციშვილი გახდა.

აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (მსოფლიო სერიათა ჯამური შედეგები) ქართველი პლაჟით მოჭიდავეების ნაჩვენებ შედეგებს

ოქროს მედალი

70კგ
კონსტანტინ კაბალაშვილი - 2018
ლევან ქელეხსაშვილი - 2019, 2021, 2022

80კგ
იაკობ მაკარაშვილი - 2018
დავით ხუციშვილი - 2019, 2021
ნიკა კენჭაძე - 2022

90კგ
დათო მარსაგიშვილი - 2019, 2021

ვერცხლის მედალი

90კგ
ირაკლი მწითური - 2018
დავით ხუციშვილი - 2022

+90კგ
მამუკა კორძაია - 2021, 2022

ბრინჯაოს მედალი

80კგ
ჯუმბერ ყველაშვილი

+90კგ
მამუკა კორძაია - 2019

სულ  ბოლო ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული 16 ოქროს მედლიდან 10 ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.