შტუტგარტში, „შტუტგარტ არენაზე" (ყოფილი „ადოლფ ჰიტლერის არენა", „გოტლიბ დაიმლერის სტადიონი", „მერსედეს-ბენც არენა") A ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა.

ჯგუფის ლიდერმა, გერმანიის ნაკრებმა, უნგრეთი დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა და მერვედფინალში თამაში.

შეხვედრაში ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც გერმანელების მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ორთაბრძოლაში ვილი ორბანი ილკაი გიუნდოგანის მსუბუქი ბიძგის შემდეგ გაზონზე მოცელილივით დავარდა, მსაჯმა ჩათვალა, რომ დარღვევა არ მომხდარა და

გიუნდოგანის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯამალ მუსიალამ შეარხია უნგრეთის კარის ბადე.

შეხვედრის 67-ე წუთზე ილკაი გიუნდოგანმა მეორედ აიღო უნგრელთა კარი, 90-ე წუთზე კი გერმანელთა მეკარე მანუელ ნოიერმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, ბურთი ცარიელი კარის მყოფ ვილი ორბანთან მოხვდა, მან კი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა.

ამავე ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში 33-ე წუთისთვის საყაიმო ანგარიშია - 1:1.