მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს. ეს იყო ფანტასტიკა, მე რაც ვნახე. ჯერ ამდენი გულშემატკივარი ჩავიდა. მადლობა მათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა იმას, რომ ამდენი რეისი დაინიშნა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა.
"მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს. ეს იყო ფანტასტიკა, მე რაც ვნახე. ჯერ ამდენი გულშემატკივარი ჩავიდა. მადლობა მათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა იმას, რომ ამდენი რეისი დაინიშნა. ევროპამ და მსოფლიომ დაინახა არა მარტო კარგი საფეხბურთო გუნდი, დაინახა საფეხბურთო ქვეყანა თავისი გულშემატკივრით. ფეხბურთელებმა ეს სიყვარული დაიმსახურეს, მაგრამ როდესაც გულშემატკივარი ასე ექცევა, ძალიან დიდი მადლობა ეთქმის. თურქეთის თამაში რომ ავიღოთ, გინახავთ რომელიმე ქართველი მაყურებელი, რომელიც უკმაყოფილო იყო? ერთი ნორმალური ადამიანი მითხარით, ვინც უკმაყოფილო იყო, რომ წავაგეთ ბოლო თამაში. თავაწეულები უნდა იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენც ყველა“, - აღნიშნა ცხადაძემ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.