საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს დასასრული არ არის.

"მარტო გუნდს არა, მთელს ქვეყანას დიდი რაღაც უნდა მოგვცეს ამ ჩემპიონატმა, ბევრი რაღაც უნდა გაკეთდეს ახლა საქართველოში, რადგან ყველამ დავინახეთ, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და რა შეუძლია ფეხბურთს, რადგან ამ 4 თამაშის განმავლობაში, მთელი საქართველო იყო გააერთიანებული და მარტო ფეხბურთი ისმოდა მთელს ქვეყანაში.

მადლობა მაქვს გადასახდელი იმ ხალხისთვის, ვინც იდგა და არ გაჩერებულა მთელი თამაშის განმავლობაში, რადგან მართლა თბილისში მეგონა თავი, დინამო არენაზე - სასწაული ატმოსფერო შექმნეს.

რაც შეეძლება მომავალს - ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს არ არის დასასრული, პირიქით - ეს არის დიდი რაღაცის დასაწყისი, რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ," - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იასპარეზა და ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა.