საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების მიერ გატანილი პირველი, გარდამტეხი გოლი მისთვის 100%-ით თამაშგარე იყო.
ეს ფაქტი მან ვერ გააპროტესტა, რადგან UEFA-ს წესებით, მსაჯთან საუბრის უფლება მხოლოდ კაპიტანს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ყვითელ ბარათს მიიღებს.
"100%-ით თამაშგარე იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მიშლიდა ხელს მორატა და როდრიმ გაიტანა მარცხნივ. პირველი გოლი თამაშგარე იყო ჩემთვის 100%-ით. რომ არა ეს გოლი, სხვანაირად წავიდოდა თამაში მეორე ტაიმში, სხვანაირად დავლაგდებოდით. შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგრამ პირველ გოლი მაინც სულ სხვაა და ჩემთვის ეს ყველაფერი თამაშგარე იყო. მე არ შემეძლო გაპროტესტება, რადგან UEFA-მ გაგვაფრთხილა, კაპიტნის გარდა არავის შეუძლია მსაჯთან ლაპარაკი, ეს ყვითელი ბარათია. მსაჯმაც, მგონი, შეამოწმა, მაგრამ არ წავიდა სანახავად და უცნაური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის," - განაცხადა მამარდაშვილმა.
"უნაი სიმონთან მქონდა ლაპარაკი, წარმატებები მისურვა და შემიფასა თამაში, რომ კარგად ვითამაშე. მადლობა მას ამ ყველაფრისთვის.
ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო ამ სეზონზე, დღესაც კარგად ითამაშა და, ჩემი აზრით, შეუძლიათ მოიგონ ეს ჩემპიონატი," - განაცხადა მამარდაშვილმა.