ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და მეტოქის შეფასებისას ფრთხილი იყო.
„მაქსიმალურ პატივისცემას გამოვხატავ იმ გუნდის მიმართ, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს და პორტუგალიას აჯობა. ჩვენი გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრები გაუმჯობესდა და პროგრესს განიცდის. ამიტომ ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა – ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.
ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშს ხდის, ამის წყალობით ისინი უკეთესები იქნებიან. ჩვენ კი საკუთარი გზით სიარული და წინსვლა უნდა განვაგრძოთ“.
თარგმანი: პირველი არხი