გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლების კორპორაციის (ARD) სპორტული კომენტატორი დანიელ ვაისის მოციგურავე ანასტასია გუბანოვას მისამართით გაკეთებულმა კომენტარმა გერმანელი მაყურებლის განრისხება გამოიწვია.
„ბატონებო, ძალიან ვწუხვარ, ის უკვე დაკავებულია. ქორწინებაშია ყოფილ ფინელ მოციგურავესთან“, - განაცხადა მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ქალთა მოკლე პროგრამით ასპარეზობის დროს ანასტასია გუბანოვას გამოსვლის დროს გერმანელმა სპორტულმა კომენტატორმა.
ფემინისტ კორდელია როდერს-არნოლდის შეფასებით, ამ კომენტარით კომენტატორმა სპორტსმენი „სუბიექტიდან ობიექტად აქცია“.
„თუ სპორტული კომენტატორი ხარ, სპორტზე გაკეთე კომენტარი“, - დაწერა მან ინსტაგრამზე და განმარტა:
„რასაც მე ვხედავ: სპორტსმენი. ფორმის პიკში. თავდაჯერებული. შვებით ამოსუნთქული. მოზეიმე. რასაც კომენტატორი ხედავს: ცოლუკობისთვის შესაფერის მასალას“ (ორიგინალშია: Wifey-Material - ინტერნეტ-ჟარგონი, რომელსაც გამოიყენებენ ქალზე, შესაფერისზე სერიოზული ურთიერთობისთვის ან ქორწინებისთვის ანუ ცოლობისთვის და თანაც ისეთისთვის, მოფერებით ცოლუკას რომ უწოდებენ - „აიპრესი“).
სულ რამდენიმე საათში პოსტმა 118 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა (ამ დროისთვის პოსტს 200 ათასზე მეტი მოწონება აქვს - „აიპრესი“). კომენტარებში კორდელია როდერს-არნოლდ ARD-ი და ZDF-იც (საზოგადოებრივი ტელეკომპანია „მეორე გერმანული ტელევიზია“) კი მონიშნა და ჰკითხა: „რას აპირებთ ამ სექსისტურ კომენტარებთან დაკავშირებით?“
გერმანული მედიის ცნობით, ტელემაუწყებლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, აჟიოტაჟის შემდეგ განცხადება გააკეთა დანიელ ვაისმა.
„ის მართალია: ეს ჩემი მხრიდან სიტყვების ცუდი არჩევანი იყო, სრულიად შეუფერებელი და ვწუხვარ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა მაყურებელმა ვერ გაიგო, მე სინამდვილეში ანასტასიას სპორტული მიღწევები რომ ვაღიარე, როგორც ამ განცხადებამდე, ასევე მის შემდეგ“, - თქვა მან და იქვე აღნიშნა:
„თუმცა, არ მჯერა, რომ კომენტარი მხოლოდ სპორტით უნდა შემოიფარგლოს. ჩემი სტილი ასევე მოიცავს მის უკან მდგომი ადამიანის ჩვენებას“.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამით გამოსვლაში კარიერაში პირველად მიიღო 71,77 ქულა და მე-6 ადგილი დაიკავა, თავისუფალი სტილით ასპარეზობის შემდეგ კი მან ორივე დისციპლინის ჯამში წინა ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა და მე-9 ადგილზე გავიდა.
ანასტასია გუბანოვამ და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრმა, რომან გალაიმ (სანკტ-პეტერბურგელი მოციგურავე, რომელიც კარიერის ბოლო წლებში ფინეთის სახელით ასპარეზობდა), 2024 წელს იქორწინეს.










