ზურაბ აზარაშვილი ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა. ცენტრი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანების კოორდინაციას, ასევე სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების, ფარმაცევტული ბაზრისა და აფთიაქების რეგულირებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს.
ცენტრის ექსპერტებმა, ზურაბ აზარაშვილს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ყურადღება გამახვილდა უნგრეთში არსებულ ფარმაცევტული რეგულაციებზე და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა, ლაბორატორიულ დონეზე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მონაწილეობას ბუდაპეშტში გამართულ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვიდე მინისტერიალში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის ქვეყნებმა მიიღეს ბუდაპეშტის დეკლარაცია. დოკუმენტით ქვეყნები თანხმდებიან, პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასაცავად, გაზარდონ პრევენციული და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები.
შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.