7 თებერვალს, 14:00 საათზე, ჰილტონ გარდენ ინნ-იში (მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #64 ა), კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  გაიმართება ღონისძიება,რომელიც  კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში ეწყობა. შეხვედრის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ღონისძიება კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით გაიმართება და მოწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები.

მნიშვნელოვანია, რომ 4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთელ მოფლიოში აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის. ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება ცნობიერების ამაღლება კიბოს შესახებ, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.

შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია  კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება. მოწვეული სპეციალისტები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იმსჯელებენ  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის  მქონე  ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები, როგორიცაა შუალედრუი კვლევების ხელმისაწვდომობა და როგორ გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად და უწყვეტად   იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ინიციატივის ფარგლებში, 2025-2027 წლების მთავარი თემაა „Unite by Unique”  - რაც მოიაზრებს სწორედ,  უნიკალური საჭიროებებით გაერთიანებასა და ერთად მიზნისკენ სვლას. ყოველი ადამიანი იმსახურებს ქვყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, რა თქმა უნდა, კონკრეტული პაციენტის უნიკალურ საჭიროებაზე მორგებული. მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არსებობს ხარვეზები კიბოს მართვის მიმართულებით. დღეს ეს ხარვეზები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ აღმოფხვრასა და სისტემის სრულყოფაში მოყვანას, მათ შორის, საქართველოშიც.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბიზნესკომპანიისა და მედიასაშუალების  თანადგომამ ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა ნაწილობრივ შესაძლებელი გახადა, სიცოცხლის შანსი მიეცა უამრავ ადამიანს.

კერძოდ,  მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა მოქალაქეს ონკო ქირურგიას დაუფინანსებს. პროგრამა აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ცვლილების მიხედვით ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა პირს, განურჩევლად მათი შემოსავლისა. ანალოგიური წესი გავრცელდება ონკო პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზეც, რომელიც მოიცავს ქიმიო- ჰორმონო-სხივურ თერაპიებსა და მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია, რომ თერაპიაზე გათვალისწინებული 25 ათას ლარიანი წლიური ლიმიტი ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მოიხსნა, შესაბამისად დაფინანსება მიბმული იქნება არა კონკრეტულ თანხაზე, არამედ დიაგნოზზე. აგრდა ამისა, სამინისტრო უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მედიკამენტებს. მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.

თუმცა ამ ფონზე დღესაც რჩება  გარკვეული გამოწვევებიც, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, რათა მკურნალობა კიდევ უფრო სრულყოფილი და უწყვეტი გახდეს.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც

უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.