საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან.

 საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია. 

“აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

 

2020 წლის ნოემბერში WHO-მ საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალურ სტრატეგიას ჩაუყარა საფუძველი. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სამი მიმართულება: აპვ ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მკურნალობა; სამივე პრინციპი უნდა განხორციელდეს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მისაღწევად.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, WHO-ს და UNFPA-ს წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, კიბოსწინარე დაზიანებების მაღალი ხარისხის სკრინინგსა და მკურნალობას საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად.

“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება შესაძლებელია, თუ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც გლობალური სტრატეგიით არის განსაზღვრული. საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის არსებული სერვისების შესახებ, იყოს ინფორმირებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენი აზრით, საჭიროა ახალი მეთოდების დანერგვა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას, რაც, თავის მხრივ, არაერთი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.” - აღნიშნა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. 

საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა (WHO, UNFPA) მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად და აიღეს ვალდებულება განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით WHO-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სტრატეგიის შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ შემდეგი ვალდებულებები პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობის და მონაცემთა მართვის სფეროში: 

პრევენცია: 2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. ხოლო, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება. 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.

ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

სკრინინგი: ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის. 

მკურნალობა: შემუშავდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.

მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრი სკრინინგში რეგულარული მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად.

 

 გაიგეთ მეტი ბმულზე.