2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის  მიერ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა, ისაუბრა. 

გელაშვილი იხსენებს მასზე თავდასხმის ფაქტს, როდესაც სპეცრაზმის ფორმაში მყოფმა ნიღბოსნებმა სახეში კონდახი ჩაარტყეს და უთხრეს, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვეღარ ილაპარაკებდა, შემდეგ კი მისი ცემა განაგრძეს. 

„ჯავშნიანი მანქანა მყავდა, დაცვაც მყავდა პირადი. მანქანა დამიზიანეს, რაღაცები გადამიჭრეს და იძულებული ვიყავი მანქანა სერვისში გამეგზავნა და გადავჯექი მეუღლის მანქანაზე. ხაშურისკენ მივდიოდი, ელიავას ბაზრობას როგორც კი გავცდი ბლოკირება გამიკეთა ორმა შინდისფერმა მანქანამ. უკნიდან ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმაში 7-8 კაცი, ავტომატის ჯერი დაცალეს, ბლოკირება მოახდინეს ტერიტორიის, უკნიდან და გვერდიდან შუშები ჩამიმტვრიეს. დაცვა გადავიდა ხელები აწიეს, იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, იმიტომ რომ ჩამცხრილავდნენ. მანქანიდან გადმოვედი ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ ბიჭებს  ერთ-ერთმა მითხრა ამის შემდეგ  პრეზიდენტზე  ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი მომარტყა სახეში, ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ უკვე საქმეს. ერთადერთო რაც შევძელი, ბლოკირება გავიკეთე სახის, რომ დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი  ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა. ხელები სულ დაყვლეფილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავიყინე, თუ ვიმოძრავებდი თავს არ დამანებებდნენ. იარაღი ამოიღეს, ამოაცალეს და წავიდნენ“,- განაცხადა ვალერი გელაშვილმა. 

 ვალერი გელაშვილის თქმით, მიხაილოვის საავადმყოფოში მას შეგნებულად უკეთებდნენ გადასხმებს, რათა  სითხით გავსებულიყო ფილტვები  და გათიშულიყო. 

„ავდექი ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი, სისხლი მომდიოდა. სამრეცხაო იყო იქვე და გადამიყვანეს. მაშინ დარეკა ჩემმა მეუღლემ და ვუთხარი თვითმფრინავი გამომიგზავნე სასწრაფოდ და გამიყვანე აქედან, თორემ  არ მაცოცხლებენ - მეთქი. 


თვითმფრინავი 19 საათში ჩამოვიდა, მანამდე მიხაილოვის საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ შეგნებულად, შარდმდენს არ მიკეთებდნენ, რათა სითხით გავსებულიყო ჩემი ფილტვები და გავთიშულიყავი. თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, გაფრენა არ შეიძლებოდა, წყლით მქონდა სავსე ფილტვები,  გავსკდებოდი.  იქვე, რეაბილიტაცია გამიკეტეს ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია და  ვილნიუსში გავფრინდით.  3-4 დღეში ოპერაცია გავიკეთე 7 საათი თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ცნობისთვის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით,  ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით,  ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს  და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.