2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მისი უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საუბრობს.



როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა. 

მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან. 

„ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე. 2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნეს საქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით.“ -  აღნიშნა ვალერი გელაშვილმა. 

ცნობისთვის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით,  ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით,  ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს  და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.