თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის რაოდენობა იზრდება. თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მიმდინარე სემესტრში გამოცხადდება კონკურსები ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე და ახალ სასწავლო წელს თსუ-ს 200-მდე ასისტენტი ეყოლება.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, ასისტენტი სასწავლო პროცესის ფარგლებში განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით. ასისტენტის თანამდებობაზე დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით აირჩევა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის მდგრადი განვითარებისთვის, მოწვეულ ლექტორებს თსუ ყველა ფაკულტეტზე ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობას შესთავაზებენ.
უნივერსიტეტში შექმნილია კომისია, რომელიც საკონკურსო პირობებსა და პროცედურებზე იმუშავებს.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, აამაღლებს ასისტენტების მოტივაციას და მოაწესრიგებს მათი აფილირების საკითხს.