ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში მესამე საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.
ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების’’ აუდიტორის მიერ 2023 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა მე-3 საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი.
„ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს გაუმჯობესებაზე და ახორციელებს მთელ რიგ ინოვაციურ პროექტებს. მათ შორის, აღსანიშნავია გამჭვირვალობისადმი მიმართული ღონისძიებები, რაც გამოიხატება საქმიანობის ღიაობის, საჯაროობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ამასთან, საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაციაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობს.