ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს. დღეის მონაცემებით, დაკარგულთა რიცხვი არ გაზრდილა და მსგავსი ინფორმაცია თუ შემოვა, ოპერატიულად გადამოწმდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
თემურ მღებრიშვილმა პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, „როდის გამოქვეყნდება სია, მაგალითად, ვინ არიან დაკარგულები ამ ეტაპზე. მხოლოდ 12 ადამიანს განიხილავთ, თუ ხომ არ შეიძლება ყოფილიყვნენ ისეთი ტურისტებიც, რომელთა შესახებაც არ გაქვთ ინფორმაცია“.
„თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვიტყვი, თუმცაღა ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გონივრული ვადა, ერთი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, ლოგიკურად. ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა და თუ მსავსი ინფორმაცია შემოვა, მოხდება პირველ რიგში, ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.