გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 206 ფაქტი გამოავლინეს.
"მათ შორის 157 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 99 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, შიდა ქართლში - 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი - 1.
ჯამში ამოღებულია 108 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 359 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 11 უკანონო სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო არქივიდან.