შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, 40-მდე ბავშვს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ბავშვების სურვილების, საჭიროებების მიხედვით, საჩუქრები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინეს.

ბენეფიციარებს საჩუქრები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და კომპანიის სხვა თანამშრომლებმა გადასცეს. თავის მხრივ, ბავშვებმა და მოზარდებმა „ფლეშმობი“ მოაწყეს.

„სასიამოვნო და სასიხარულო ღონისძიება გვაქვს დღეს, რაც „თბილსერვის ჯგუფში“ უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველა ბავშვს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო „მომავლის გზის“ წარმომადგენლები.