თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შეხვედრაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი, პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნანა წიკლაური, ადგილობრივი მმართველობის მიმართულების დირექტორი მიხეილ დარჩიაშვილი, კერძო/საჯარო სექტორის პროგრამების ექსპერტი გაგა აბაშიძე და გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის კოორდინატორი შორენა კობაიძე მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სტუმრებს მიესალმა და შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია USAID-თან თანამშრომლობა ამ ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. გვაქვს სურვილი, რომ თბილისის საკრებულო იყოს ის რგოლი, რომელიც ამ მიმართულებით ითანამშრომლებს თქვენთან ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში “, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა პროგრამის სხვადასხვა პროექტსა და მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. USAID-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამის დეტალებზე, კერძოდ: საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესების შესახებ თვითმმართველობაში; მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და თანაბრად მისაწვდომი ადგილობრივი სერვისების მიწოდების ხელშეწყობაზე ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობაში; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით; დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის, ცენტრალური ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზით.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ისაუბრა გენდერული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ასევე საბჭოს ფარგლებში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაზე.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მუნიციპალიტეტის საქმიანობის მედიაში გაშუქებაზე გაამახვილა ყურადღება, ლევან არველაძემ კი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ეკონომიკურ ფაქტორებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.