იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მმართველი ორგანოს მე-10 სესიაზე ძირითადი ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნება-დაცვას, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების შერჩევას და გავრცელების ხელშეწყობას, ეროვნული კოლექციების და თესლის გენეტიკური ბანკის შექმნის აუცილებლობას დაეთმო.
სესიაზე ყურადღება გამახვილდა ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერაში, შენარჩუნებასა და გავრცელების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში ქვეყნების მთავრობების ჩართულობასა და მათ როლზე.
თემატური შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პრეზიდენტს ლუიჯი მოიოს და სამეცნიერო დირექტორს ჟან კლაუდ რუფს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ქართველ მკვლევართა ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობას, მეღვინეობის და ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორი 2017 წლიდან არის.