სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

 გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.