შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დღეს, 8 მარტს დაიწყო.  

ოლიმპიადის მონაწილეებმა ტესტირება ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ასევე, გერმანულ და რუსულ ენებში გაიარეს.   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი, მოადგილეებთან ერთად გამოცდის მიმდინარეობას ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლაში გაეცნო. თამარ მემანიშვილმა ოლიმპიადის მონაწილეებს ქალთა დღე მიულოცა და დასკვნით ტურში წარმატება უსურვა.   მისი განცხადებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები კონკურენტუნარიან გარემოში. მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ახალგაზრდებში ზრდის მოტივაციას მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს და დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.   2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე ტურში 7 800-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. მესამე ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

    ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის მოხვდება.     საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე, გამარჯვებული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საგამოცდო სესიები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.