ევროკავშირის კონსილიუმს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ვიცით, ვინ არიან შემადგენლობაში. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს“ , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ესენი დეკლარირებულად აკეთებენ ერთ განცხადებას, რომ ვინც უნდა მოიწვიონ, აგერ ვართ და ჩვენ ყველანაირ ნებართვას გავცემთ, თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ხან საგარეო საქმეთა სამინისტროს გვეუბნებიან, ხან ჯანდაცვის სამინისტროს, ხან იუსტიციის სამინისტროს და თავი და ბოლო ვერ გაუგიათ. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი [ევროკავშირის კონსილიუმის წევრები]. რა შემადგენლობაა. ჩვენთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს. სხვადასხვა უწყებაში აბურთავებს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ევროკავშირის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი რომ მოინახულონ, „უსუსური მითი“, რომ სააკაშვილი არ ჭამს, დაინგრევა.
„წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს დამერწმუნეთ, მსოფლიოში ალბათ, მეორე არ არსებობს. არ ვიცი რუსეთში თუ ჰყავთ, მაგრამ ვიცი, რომ ნავალნი ასეთ ვითარებაში არ ჰყავთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას - როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, საჩივრის შესატანად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ, თავად სააკაშვილმა და ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი გაიგზავნება თუ არა.
„სერიოზულად სჭირდება ამას მომზადება [დოკუმენტების კუთხით] და ამის შემდეგ თავად ოჯახი და სააკაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას გაიგზავნოს, არ გაიგზავნოს თუ როდის გაიგზავნოს. ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში არის, რომ გავამზადოთ ეს დოკუმენტები, მაგრამ ჯერ არ არის ბევრი პასუხი მიღებული, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ადვოკატმა.