20-22 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნატოს სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის  ფორმატით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების სტატუსი, ნატო-ს
სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ერთობლივი შეფასების პროექტი და ასევე მიმოიხილეს პარტნიორობის სამომავლო გეგმები.


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც გაეცნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროექტებს. 


ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება სამუშაო შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, რაც ექსპერტთა დონეზე სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვის ფორმატს წარმოადგენს.