საქართველოს პირველ არხთან სახელოვნებო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი აქციას მართავს.
როგორც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა განაცხადა, ძალიან კარგი იყო, როდესაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ხალხი საუბრობდა. მისი თქმით, ეს უნდა გაგრძელდეს.
„ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ეთერით იმ ადამიანის აზრი, რომელიც დააკავეს, სცემეს, რომელსაც ცხვირი ჩაულეწეს, დაასისხლიანეს. მინდა, თქვენი ეთერით ასეთი ადამიანების აზრი მოვისმინო. მინდა, ეს მოისმინოს საზოგადოებამ, რადგან ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოება ერთნი ვართ. მინდა, ეს ყველაფერი გაშუქდეს. მუშაობს ონლაინმედია და თქვენგან განსხვავებით, მათ კადრებში არის გამომჟღავნებული ფაქტები და მინდა, ეს კადრები, რომელიც, შეიძლება, თქვენ ვერ მოიპოვეთ, მაგრამ სხვამ მოიპოვა, ასეთი კადრებიც გავიდეს. ეს არის ჩემი პირადი მოთხოვნა. თქვენც ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.