საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, დაჯილდოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე წარდგენილი თავდაპირველი სია, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა – მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ღირსების მედლით დაჯილდოების საკითხი 2024 წლის 13 ივნისს თბილისის მერის კახა კალაძის გაკეთებული განაცხადების შემდეგ გახდა აქტუალური - პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების მიმართვას

რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, დაჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება  

 "აიპრესმა" ადმინისტრაციის ვებგვერდზე გუშინ, გამოქვეყნებული ერთი განკარგულებიდან  მოამზადა სტატია სათაურით, პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა.  დღეს კი ადმინისტრაციის ვებგვერდზე მეორე განკარგულება გამოჩნდა. 

კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ პრეზიდენტის ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს

რასაც პრეზიდენტი ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა: ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ - ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში

 ასევე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ "ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი". თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაში არ იძებნება ჯილდოზე წარდგენილი ყოფილი ფეხბურთელი,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და სიაში მყოფი საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების 12  პერსონალი. 

პ.ს. სავარაუდოდ არსებობს პრეზიდენტის მესამე განკარგულება სადაც,  ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის გაგზავნილი 53 კაციანი სიიდან   სალომე ზურაბიშვილის ორ განკარგულებაში არ მყოფი პირები არიან ღირსების ორდენით დაჯილდოებული. 

პრეზიდენტის 2 განკარგულება - ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების კიდევ 6 წარმომადგენელი დაჯილდოვდა