გელათის პრობლემატიკის თაობაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტებას აკეთებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
გელათის პრობლემატიკის შესახებ
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ განმარტების გაკეთებას.აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული. რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით" გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას. - ნათქვამია საპატრიარქოს განმარტებით განცხადებაში.