საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილი მათ მაქსიმალურად დაეხმარება.
მათი განმარტებით, პრეზიდენტი ჩაერთვება წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებასა და მედიკოსების გადამზადებასთან დაკავშირებულ პროცესში. მშობლების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასევე მათ წამლის შემოტანის პროცესის დაჩქარებაშიც დაეხმარება.
„პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ, ექიმებთან ჰქონდა გავლილი კონსულტაცია და მომზადებული შეგვხვდა მედიკამენტთან დაკავშირებით. მოისმინა ჩვენი ამბავიც, რა გამოვიარეთ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა, რომ ძალიან გვეჩქარება. სექტემბრამდე გაწელილია დრო ჩვენთვისაც. რადგანაც პრემიერმა ახსენა, რომ არის თანხა ბიუჯეტში, მაქსიმალურად ჩავერთვები ლოგისტიკურად, რომ პროტოკოლურად, რაც საჭიროა – ექიმების გადამზადება, თუნდაც ინფორმაციის გადამოწმება, ნამდვილად ლიცენზირებულია თუ არა, დოკუმენტაციის დამტკიცება, დაგეხმარებით, რომ დავაჩქაროთ პროცესიო. პრეზიდენტმა გამოხატა დიდი კმაყოფილება, რომ ბიუჯეტში არის ამისთვის თანხები და მზადაა, ყველანაირად დაგვეხმაროს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.