თბილისის საკრებულოს სხდომაზე N30 საჯარო სკოლისთვის ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს წევრებს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა. როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს №30 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ რჩეულიშვილი თბილისის №30 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, აღნიშნული სკოლისთვის მისი სახელის მინიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. მწერლის ღვაწლი ფასდაუდებელია. მისმა შემოქმედებამ და ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. ის თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო, თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით. შესაბამისად, უნდა დაფასდეს მისი წვლილი სამშობლოს წინაშე”, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
საკრებულოს წევრებმა სკოლის სახელდებას მხარი დაუჭირეს. წარმოდგენილი საკითხი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნება.