ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, დღეიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტაჟიორების თეორიული სწავლება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და უწყების თბილისის და რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებში გაივლიან.
სტაჟიორები დეტალურად გაეცნობიან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილებას, სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და შესაბამის კანონმდებლობას.
სტაჟირების შესარჩევ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა. სამსახურის უფროსმა ისაუბრა სტაჟირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პროფესიული გზის დაწყების საუკეთესო ფორმატია, მოტივირებულ სტაჟიორებს ფართო შესაძლებლობა ეძლევათ ცოდნის ამაღლების და უნარ-ჩვევების განვითარების, რაც მომავალში მათ პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება. მიხეილ მაღლაკელიძემ ახალგაზრდებს პროფესიულ გზაზე წარმატება უსურვა.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, სტაჟიორებს თეორიული სწავლების დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილმა და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ.
იოსებ ვარძელაშვლმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო უწყების დანაყოფებში უნდა მომზადდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ გამომძიებლის და ინსპექტორ-გამომძიებლის ფუნქციები საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ფარგლებში.
ტარიელ ჭულუხაძის თქმით, აკადემიაში სწავლება დაეთმობა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მსჯელობას, უწყების ქვემდებარე დანაშაულისთვის კვალიფიკაციის მინიჭებას და მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე კანონის შესაბამისად დამაგრებას.
სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტაჟიორების თეორიულ სწავლებას სამი თვე დაეთმობა, ხოლო, მომდევნო სამ თვეს ახალგაზრდები პრაქტიკულ სტაჟირებას საგამოძიებო სამსახურის დანაყოფებში გაივლიან.
საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესარჩევი კონკურსი უწყებაში სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა კონკურსანტების პროფესიული ცოდნის შემოწმებას. მომდევნო ეტაპები მოიცავდა ტესტირებას უნარ-ჩვევებში და გასაუბრებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებულ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის საგამოძიებო მიმართულებით ვაკანტურ პოზიციებზე 15 სტაჟიორი შეირჩა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება.










