ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამს, ბანკის სექტორის დირექტორებს, ტრანსპორტის წამყვან სპეციალისტებს და პროექტის ოფიცრებს შეხვდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით უკვე დაგეგმილი და სამომავლო პროექტები, მათ შორის: თბილისის შემოვლითი გზის ორი ლოტის, ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის და ანაკლიის პორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა.
საუბარი შეეხო ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერების, პროექტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი, ინოვაციური მეთოდების დანერგვის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული, მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, გააძლიერონ პარტნიორობა საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით.









