საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
ასევე, გარე განათების ბოძების სადემონტაჟო სამუშაოების გამო 24 იანვარს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით ჩამსვლელ მონაკვეთზე.
გმირთა მოედანზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე გარე განათების ქსელი მოეწყობა. შესაბამის სამუშაოებს თბილისის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ შეასრულებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.