ქართული კინოკლასიკის შედევრი საერთაშორისო კინოკრიტიკოსების ობიექტივში - რამდენიმე კვირაში თენგიზ აბულაძის "სხვისი შვილების" რესტავრირებული ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორის პირველი დამოუკიდებელი ფილმის ჩვენება 4 თებერვალს გაიმართება.
„კინოშედევრი, უნიკალურად გადაღებული სტილით" - გავლენიანი კინოფესტივალის საიტზე აბულაძის ფილმს ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ.
როტერდამის რიგით 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 იანვარს დაიწყება და 9 თებერვალს დაიხურება.
საბჭოთა გაზეთის ფურცლებზე აღმოჩენილი რეალური ამბავი, ქართული კინოშედევრის საპატიო ტიტულს თითქმის 1 საუკუნეა იკავებს.
სხვის შვილებზე მზრუნველი, გამბედავი და ძლიერი ქალის სამაგალითო სახე საერთაშორისო კინოკრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მალე მოხვდება. თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმის მსოფლიო პრემიერა, როტერდამის კინოფესტივალზე შედგება. ქართულ კინოკლასიკას უცხოელი კინომცოდნეები, აღდგენილი, რესტავრირებული სახით იხილავენ.
კინოკლასიკის საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის იდეა ვენეციის კინოფესტივალზე გაჩნდა. უცხოელმა კინოკრიტიკოსებმა არჩევანი სწორედ თენგიზ აბულაძის "სხვის შვილებზე" შეაჩერეს. გავლენიან კინოფესტივალზე ფილმის ჩვენება 4 თებერვალს გაიმართება.
თენგიზ აბულაძის "სხვისი შვილები" გასულ წელს რეჟისორის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში რესტავრირდა. ეროვნულმა კინოარქივმა სხვა ფილმებიც აღადგინა, თუმცა, როტერდამის კინოფესტივალისთვის ყველაზე შთამბეჭდავი დეიდა ნატოს პერსონაჟი აღმოჩნდა.
"უნიკალური სტილით გადაღებული შედევრი, რომელიც ხელახლა აღმოჩენისთვის არის მზად" - როტერდამის ოფიციალურ საიტზე აბულაძის ფილმის ასეთ მიმოხილვებს ვხვდებით. კინომცოდნეების შეფასებით, ევროპელი მაყურებელი ამ ფილმით ქართულ კინოს ახლიდან გაიცნობს.
როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 30 იანვარს დაიწყება და 9 თებერვლამდე გაგრძელდება. 70-იან წლებში გადაღებულ ქართულ კინოკლასიკას კი, მაყურებელი 4 და 7 თებერვალს ნახავს.