სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №163 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში  სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც  შენობის ოთხივე სართულზე გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ფოიე, ექიმის ოთახი, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. სრულად რეაბილიტირდა შენობის სახურავი, ფასადი და შესასვლელი კიბე. მოეწყო მრავალ ფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. 


ჯამში 1 500 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები  საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა. შედეგად სკოლის 1600-ზე მეტი მოსწავლე და  108 თანამშრომელი სარგებლობს განახლებული სასწავლო სივრცეებით.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. 
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.