საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ წარმატებით დასრულდა. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან მართავდნენ.
სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. სტუდენტებთან შეხვედრებზე, რაც დიდწილად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები მათ თავდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებსაც აცნობდნენ.
პროექტის ფარგლებში წლის ბოლო შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა.
თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება.