დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ, ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ყვარელში საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ასევე დაკავებულია ელენე ხოშტარია.
ყვარელში რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.