დიდი პატივისცემით ვულოცავ ქართველ მეცნიერებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მეცნიერების საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ მათ, კვლავაც წარმატებით გააგრძელონ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მისალოც განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო როინ, და პატივცემულო აკადემიკოსებო!
ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც UNESCO-ს მიერ ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უკვე ტრადიციად იქცა ყოველი წლის 10 ნოემბერს საზეიმო ღონისძიების ჩატარება და გამორჩეულ ქართველ მეცნიერთა საქმიანობის აკადემიის სპეციალური სიგელით აღნიშვნა, სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად გამართულ კონკურსებში გამარჯვებულთათვის კი, - შესაბამისი ჯილდოს გადაცემა.
როგორც ცნობილია და არა ერთხელ აღგვინიშნავს, საეკლესიო სწავლებით, რწმენა და ცოდნა, სარწმუნოება და მეცნიერება ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ, - ავსებს. ჩვენს დროში ამისი ნათელი დადასტურებაა ის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ეკლესიის წიაღში დაარსება, აღდგენა და განახლება როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი სასწავლებლებისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიისა. ყოველივე ეს მიზნად ისახავს მეცნიერების და მეცნიერთა საქმიანობის
მხარდაჭერას ჩვენის მხრიდან, რადგან ეს ქვეყნის წინსვლისა და წარმატების საწინდარია.
დიდი პატივისცემით ვულოცავ ქართველ მეცნიერებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მეცნიერების საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ მათ, კვლავაც წარმატებით გააგრძელონ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი" - წერია განცხადებაში.