უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს. - ამის შესახებ ნათქვამია ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეში. 


"ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.
დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“


უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.
ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი." - ნათქვამია ეპისტოლეში. რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს 2023 წლის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)